IFC-ის სესხით „იშბანკ საქართველოს“ მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს
თბილისი, საქართველო, 17 სექტემბერი, 2020—ახალი თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, და „იშბანკ საქართველომ“ გააფორმეს, მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალებას მისცემს საქართველოში სამუშაო ადგილები შექმნას. ეს თანამშრომლობა ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაადვილებას ისახავს მიზნად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი ძლიერია და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის საწარმოთა გამოკითხვამ აჩვენა, მცირე საწარმოების დაახლოებით მესამედი მთავარ დაბრკოლებად მაინც ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში კერძო ბიზნესის უმეტეს წილს მცირე და საშუალო საწარმოები შეადგენს, ამ საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესაქმნელად. სწორედ ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესების მიზნით, IFC-მ ხელი მოაწერა ორ ხელშეკრულებას „იშბანკ საქართველოსთან“, რომელიც თურქეთის უმსხვილესი კერძო საბანკო ჯგუფის და IFC-ის დიდი ხნის კლიენტის იშბანკის შვილობილია.
IFC–ის 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს „იშბანკ საქართველოს“ სტრატეგიას, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროგრამის გაფართოებას გულისხმობს. „იშბანკ საქართველოს“ სესხებს კომპანიები ძირითადად აღჭურვილობის, დანადგარებისა და სხვა საქონლის იმპორტის დასაფინანსებლად გამოიყენებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს გაფართოვდნენ, შექმნან სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას.
მეორე ხელშეკრულება, რომელიც IFC-მ „იშბანკ საქართველოსთან“ მოაწერა, საერთაშორისო სვოპისა და დერივატივების ასოციაციის (ISDA) ძირითადი შეთანხმებაა. ეს დოკუმენტი სავალუტო სვოპების განხორციელებისთვის მთავარი საერთაშორისო სამართლებლივი დოკუმენტია და საშუალებას მისცემს „იშბანკ საქართველოს“ აშშ დოლარში მიღებული დაფინანსების ჰეჯირება მოახდინოს, რათა უკეთ მართოს სავალუტო და საპროცენტო რისკები.
„მოხარულები ვართ IFC-თან თანამშრომლობის დაწყებით და ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებით. ეს გრძელვადიანი 10 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში და გავაფართოოთ ამ საწარმოების დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს მათ გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები. ამასთან, სვოპ-ოპერაციები საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ვმართოთ ჩვენი აქტივები და ვალდებულებები, რაც თავის მხრივ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს კლიენტებსა და აქციონერებს,“ განაცხადა „იშბანკ საქართველოს“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰაკან კურალმა.
IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების მიმართულების რეგიონულმა ხელმძღვანელმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ვიტორიო დი ბელომ განაცხადა: ”ჩვენი თანამშრომლობა „იშბანკ საქართველოსთან“ მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების გაზრდას და შედეგად, სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში. საბანკო სექტორში ახალი მოთამაშის შემოსვლით, ჩვენ ხელს ვუწყობთ კონკურენციის ზრდას საქართველოს ბაზარზე. გარდა ამისა, პროექტი მხარს უჭერს ჩვენი დიდი ხნის კლიენტის იშბანკის სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციების განხორციელებას. პროექტი ასევე განამტკიცებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორთან - თურქეთთან. ”
IFC 20 წელზე მეტია ხელს უწყობს საქართველოს საფინანსო სექტორის გაძლიერებას ინვესტიციებისა და საკონსულტაციო მომსახურების მეშვეობით. IFC-მ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია საქართველოს საბანკო სექტორს 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ და გლობალური ფინანსური კრიზისით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში.
საქართველო IFC-ის წევრი და აქციონერი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 61 პროექტში— საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ამ თანხიდან დაახლოებით 980 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 394 მლნ. აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები კერძო სექტორის მხარდასაჭერად.
IFC-ის შესახებ
IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა, და გავლენას, რათა განვითარებად ქვეყნებში ბაზრების ჩამოყალიბების შესაძლებლობები შეიქმნას. 2020 ფინანსურ წელს, განვითარებად ქვეყნებში კერძო კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებში 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განვახორციელეთ, რათა კერძო სექტორმა გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და საყოველთაო კეთილდღეობის ამაღლებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.
შემოგვიერთდით:
www.instagram.com\ifc_org
სს „იშბანკი საქართველოს“ შესახებ
სს „იშბანკი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და თურქეთის უმსხვილესი კერძო საბანკო ჯგუფის იშბანკის შვილობილი კომპანიაა. თურქეთის იშბანკის აქტივები 75 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით. ბანკი 1,235 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალითაა წარმოდგენილი 5 ქვეყანაში, და გარდა ამისა, შვილობილი ბანკებით და წარმომადგენლობითი ოფისებით კიდევ 6 ქვეყანაში. „იშბანკი საქართველო“ კორპორატიულ კლიენტებს და ფიზიკურ პირებს საქართველოში საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.isbank.ge.