შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) იშბანკ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) დაფინანსებისათვის საკრედიტო ხაზი გამოუყო
31 დეკემბერი, 2021- შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) პარტნიორ ბანკს საქართველოში - იშბანკ საქართველოს 7 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსი გამოყენებულ იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ლიკვიდობისა და საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მთავარ მამოძრავებელ ძალას.
დღევანდელი ხელშეკრულება ეფუძნება წარმატებულ თანამშრომლობას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2018 წელს, როცა BSTDB გახდა პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც პარტნიორული ურთიერთობებები დაამყარა იშბანკ საქართველოსთან.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტმა დიმიტრი პანკინმა განაცხადა: „მოხარულები ვართ მორიგი თანამშრომლობით იშბანკ საქართველოსთან, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს თურქულ კერძო ინვესტიციას საქართველოში. აღნიშნული სახსრები დაეხმარება ბანკს, გაზარდოს მცირე და საშუალო ბიზნეს-კლიენტების დაფინანსება, რაც მიმდინარე პანდემიის პირობებში უმნიშვნელოვანესია დასაქმების, საექსპორტო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანობის და ზოგადად ეკონომიკური ზრდისთვის“.
„ვამაყობთ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) თანამშრომლობის გაძლიერებით. ეს საკრედიტო რესურსი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) დაფინანსების გეპის შემცირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესების აღდგენის პროცესში, რომლებიც პანდემიამ დააზიანა. ამავდროულად, 7 მილიონი ევროს გრძელვადიანი დაფინანება ხელს შეუწყობს იშბანკ საქართველოს, გააძლიეროს მისი ფინანსური პოზიციები და გახდეს უფრო წარმატებული ადგილობრივ ბაზარზე. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ BSTDB-ს ამ მხარდაჭერისათვის.“ - განაცხადა იშბანკ საქართველოს გენერალური დირექტორის მოადგილემ ჰაქან ქურალმა.
სს იშბანკი საქართველო წარმოდგენილია საქართველოში როგორც თურქული იშბანკის შვილობილი კომპანია. თურქული იშბანკი არის უმსხვილესი კერძო ბანკი თურქეთში. „იშბანკი საქართველო“ ემსახურება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს და სთავაზობს მათ საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს. მისი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს როგორც თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას, მშობელ კომპანიასთან თანამშრომლობით, ასევე მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.isbank.ge
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსებულია ალბანეთის, სომხეთის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვეთის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის მიერ. ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. BSTDB ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას, როგორც სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების მიწოდების, ისე საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, წევრი ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორში. ბანკის კაპიტალი არის 3.45 მილიარდი ევრო და მას მინიჭებული აქვს შემდეგი რეიტინგები: “A” Standard and Poor’s-ის მიერ, “A2” Moody’s-ის მიერ და “A+” ACRA-ს მიერ. ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bstdb.org.